8 ᲜᲝᲔ, 2016
ᲡᲐᲝᲯᲐᲮᲝ ᲢᲘᲞᲘᲡ ᲡᲐᲮᲚᲘ ᲛᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲝᲑᲐᲛᲝᲙᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲨᲛ ᲑᲐᲕᲨᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
დეველოპერულ კომპანიას „m² უძრავი ქონება“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში m² ააშენებს საოჯახო ტიპის სახლს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რომელიც სრულად იქნება მორგებული სწორედ მათ საჭიროებებზე. ამ ეტაპზე საოჯახო სახლის პროექტი დასრულებულია და იანვრიდან დაიწყება მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ სახლის რემონტსა და კეთილმოწყობას UNICEF-ი უზრუნველყოფს.
საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვა" ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გატარებულ იქნა მნიშვნელოვანი რეფორმები, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
„განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე ზრუნვა კომპანია m²-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია. m²-ის ყველა საცხოვრებელი კომპლექსი სრულადაა ადაპტირებული შშმ პირთათვის. ასევე, ჩვენი კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე 260-მდე პანდუსი მოეწყო. m²-ის თითოეული თანამშრომლისთვის საამაყოა ისეთ საქმეში წვლილის შეტანა, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, რადგან ბავშვები კეთილმოწყობილ გარემოში და ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გაიზრდებიან“ - განაცხადა m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
„ასეთი ინიციატივები კარგი პრაქტიკაა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობისთვის. ეს არის პირველი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, ახალი, საოჯახო ტიპის სერვისის შექმნისა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის მქონე ბავშვებისათვის, რომლებიც ახლა ნუცუბიძეზე მდებარე შშმ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ, ანუ ჯერ კიდევ დიდ ინსტიტუციაში არიან. ეს აქტივობა სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასთან, რაც ამ ბავშვების დიდი ინსტიტუციებიდან გამოყვანას და საოჯახო პირობებთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.
ახალი სერვისი საშუალებას მისცემს ბავშვებს მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი მიიღონ - როგორც ჯანმრთელობის, ისე ზოგადი განვითარების თვალსაზრისით. ეს მათ განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს, ხელს შეუწყობს ბავშვების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებას.“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.