7 ნოე, 2019
Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს
7 ნოემბერს, სასტუმრო Kempinski-ს სამშენებლო ობიექტზე გამართულ პრესკონფერენციაზე, ტურიზმის სექტორში ახალი მიმართულების ჩამოყალიბებაზე და უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერული კომპანია m² Group-ის გეგმებზე ისაუბრეს. “Georgia Real Estate Holding” (GRE) საინვესტიციო კომპანია “Georgia Capital”-ის ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე ორ უმსხვილეს მიმართულებას - m² Group-სა და სასტუმროებისა და ტურიზმის მიმართულებებს გააერთიანებს. კომპანია განაგრძობს საქართველოში აქტიურ ინვესტირებას როგორც სასტუმროების და ტურიზმის კუთხით, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით.
ამიერიდან m² Group-ის გენერალური დირექტორის პოზიციას შოთა ბერეკაშვილი დაიკავებს. ხოლო „Georgia Real Estate Holding”-ს ირაკლი ბურდილაძე უხელმძღვანელებს.
პრესკონფერენციაზე “Georgia Real Estate Holding” -ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში კომპანია ახალი ქართული ბრენდით, Amber Group-ით შემოდის, რომელიც ფოკუსირებული იქნება უნიკალურ ქართულ კულინარიაზე, ტრადიციულ ქართულ მეღვინეობაზე და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს
„Georgia Capital“-იაგრძელებს საქართველოში ინვესტირებას და ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს ტურიზმის სექტორისა და უძრავი ქონების განვითარების უდიდესი პოტენციალი. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში,ამ მიმართულებებით, Georgia Real Estate Holding-ის პლატფორმით 540 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის მიმართულებით ვხედავთ განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ძლიერი გუნდი, რომელთან ერთადაც დაგეგმილი გვაქვს 11 სასტუმროს გახსნა ქვეყნის ულამაზეს რეგიონებსა და დედაქალაქში. ამ მიმართულებისთვის უკვე მოზიდულია 130 მილიონი აშშ დოლარი. ვთვლი, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია უმნიშვნელოვანესია როგორც ჩვენთვის, ასევე ქვეყნისთვის, ვინაიდან ტურიზმის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას“. – განაცხადა Georgia Real Estate Holding-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.
„როგორც იცით, თანამედროვე ურბანულ მოთხოვნებზე მორგებულ უბანს უკვე ვაშენებთ, შემდგომი უბანი კი გეგმარების ეტაპზეა. მთლიანობაში, ინოვაციური პროექტების ფარგლებში, 410 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განვახორციელებთ. გამოწვევები საკმაოდ დიდია, თუმცა გვჯერა, რომ აღნიშნული საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ავითვისოთ უძრავი ქონების ბაზრის ყველა ფუნდამენტური სექტორი.
ვცდილობთ, ვიყოთ მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ, მომხმარებლის საჭიროებების კვალდაკვალ. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ჩვენ მიერ წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა“, - განაცხადა m² Group-ის გენერალურმა დირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.