15 ივნ, 2015
m² შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობას დააფინანსებს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2015 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო პროექტზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვა“, რომელსაც ის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს. რეფორმა მოიცავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთათვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში მოვლა, აღზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო სერვისების მიწოდება. რეფორმის გატარებაში სახელმწიფოს გაეროს ბავშვთა ფონდი „UNICEF” და “USAID” ეხმარება. წელს პროექტს დეველოპერული კომპანია m² შემოუერთდა, რომელიც აღნიშნული საოჯახო სახლის მშენებლობას სრულად დააფინანსებს.
გაეროს ბავშვთა ფონდმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ “USAID”-ის დახმარებით 2016 წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს გადასცენ მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომელიც ადაპტირებული და სრულიად მორგებული იქნება შშმ ბავშვთა საჭიროებებზე. ამ სახლში განთავსდებიან ის ბავშვები, რომლებიც ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობაში არიან და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ჩვილ ბავშვთა სახლში ცხოვრობენ.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე ზრუნვა, მათი ინტერესების გათვალისწინება ასევე პრიორიტეტულია დეველოპერული კომპანია m² -ისთვის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტში. კომპანია m² ვალდებულებას იღებს, დააფინანსოს შშმ ბავშვთათვის განკუთვნილი მცირე საოჯახო სახლის მშენებლობა და სოლიდური თანხა გამოყოს. სპეციალურ მემორანადუმს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დეველოპერულ კომპანია m²-ს შორის ხელი უახლოეს ხანებში მოეწერება.
წინასწარი შეთანხმებით კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობას, მცირე საოჯახი ტიპის სახლი კი მზად 2017 წლის დასაწყისში იქნება.
ტეგები: გაეროს ბავშვთა ფონდი, შრომის, ჯანმრთელობისა და დაცვის სამინისტრო, შშმ ბავშვები, საოჯახო სახლი, ქველმოქმედება